მიკოლა ენუქიძე

ოცნების პროპაგანდა - რუსი მიგრანტები
2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების ფონზე, ბევრმა რუსეთში მცხოვრებმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. რუსი მიგრანტების ნაწილმა საქართველოსკენ აიღო გეზი. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურმა შემოდინებამ ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ მოვლენას, როგორც დიდი რისკების შემცველს ისე უყურებდა. რუსი მიგრანტების რიცხვის ზრდას საქართველოში მოქალაქეთა მკვეთრი უკმაყოფილება მოყვა.

საზოგადოებრივი აზრი
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აფხაზეთის და 2008 წლის ომები, უკრაინაში უსაფუძვლო შეჭრა, ტერორისტული აქტები, ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო ბუნებრივია, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნებოდა რუსეთის მოქალაქეების არნახული რაოდენობით შემოდინება საქართველოში. ამ განწყობების ფონზე მოსახლეობაში თანდათან ჩნდებოდა იდეები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის გასაკონტროლებლად და რისკების შემცირების მიზნით დაწესებულიყო სხვადასხვა სახის შეზღუდვები საზღვარზე. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იდეა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება იყო. იმავეს აჩვენებს, საქართველოში 2022 წლის მეორე ნახევარში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები.

მთავრობის რეაქცია
საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილების საპასუხოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები, სამთავრობო პროპაგანდისტებთან ერთად, ცდილობდნენ სიტუაციის პოზიტიურად წარმოჩენას. მათ შექმნეს შემდეგი სურათი: საზღვრებზე სიტუაცია მთლიანად ექვემდებარება კონტროლს და საქართველოში შემოდიან მხოლოდ ის რუსეთის მოქალაქეები ვინც ქვეყნისთვის არ წარმოადგენენ საფრთხეს და ეწინააღმდეგებიან პუტინის პოლიტიკას. სურათის კიდევ უფრო შესარბილებლად ხშირად ისმოდა მესიჯები, რომ შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან უმრავლესობა ქართველია ან უკვე დატოვა ქვეყანა. პროცესის მანიპულაციურად, ცალმხრივად წარმოჩენით ისინი ავითარებდნენ არგუმენტს, რომ ეს არის შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რომ ამ სარგებლის გარდა სხვა ეფექტი რუსების შემოდინებას არ აქვს.
მათი განცხადებების ერთ-ერთი ყველაზე თვალში საცემი ტენდენცია კი იყო ის, რომ შეტევით გადმოდიოდნენ და ქსენოფობებსა, “ლიბერალ ფაშისტებს” და ქართული კულტურის მოწინააღმდეგეებს უწოდებდნენ მათ, ვინც ითხოვდა რუსებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, თანაც სიტუაციის ისე წარმოჩენით, თითქოს უკმაყოფილება მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს აქვს, კერძოდ კი ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა ერთადერთ მიზანს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა წარმოადგენს.


როგორც ზემოთ აღვნიშნე, პოზიტიური სურათის შექმნაში სამთავრობო პროპაგანდისტებმაც შეიტანეს წვლილი და საკმაოდ საინტერესო მიმართულებები შესძინეს. ცალკე აღსანიშნავია 2022 წლის 8 სექტემბერს გადაცემაში "სამნი და კო" გასული მანიპულაციური სიუჟეტი თითქოს საქართველოში ეთნიკურად რუსებზე თავდასხმის ფაქტები, ოპოზიციური პარტიების “ქსენოფობიურმა” კამპანიამ გამოიწვია. ასევე 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაცემა "სამნი და კო", სადაც გადაცემის წამყვანები განიხილავდნენ რუსი პროპაგანდისტის, ქსენია სობჩაკის, ინტერვიუს ბარი “დედაენას” მფლობელთან, რუსეთის მოქალაქეებისთვის ბარში შესასვლელად დაწესებული ელექტრონული ვიზების თემაზე. ინტერვიუს განხილვისას წამყვანებმა, უკვე ცნობილი ლიბერალური ფაშისტის ძახილის გარდა სხვა არაერთი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ბარის მეპატრონეს.

მიუხედავად ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებისა, რომ საზღვარზე უშვებენ იმ რუსებს ვისაც პუტინის პოლიტიკა არ მოსწონს და მას გაურბის, 2022 წლის 24 თებერვლიდან დაფიქსირდა საქართველოში არ შემოშვების არაერთი ფაქტი პუტინისადმი ოპოზიციურად განწყობილი რუსი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა შემთხვევაში საზღვრის კვეთაზე უარყოფითი პასუხი, ყოველგვარი ახსნა განმარტებისა და მიზეზის დასახელების გარეშე გაიცემოდა.

რუსები საქართველოში
“პუტინი კი ცუდია, მაგრამ ხალხმა რა დაგიშავა?” ალბათ ყველას ბევრჯერ გვსმენია ეს ფრაზა, რომელსაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დაცვის არგუმენტად იყენებენ იმის აღსანიშნავად, რომ ყველა ვინც საქართველოში შემოდის ომის წინააღმდეგია და პუტინი არ მოსწონს. სამწუხაროდ ვითარება არც თუ ისე სახარბიელოა ამ კუთხითაც. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინა წლებშიც თვალსაჩინო იყო საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების უკმაყოფილება, როდესაც ისინი სასტუმროებში, ბარებში, რესტორნებსა თუ სხვა სარეკრეაციო ადგილებში ხედავდნენ მესიჯებს “რუსეთი ოკუპანტია”, “საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ” და ა.შ.
სიტუაცია არც 24 თებერვლის შემდგომ შეცვლილა. საქართველოში დასახლებული რუსები საკმაოდ ხშირად თავს არიდებენ პოლიტიკურ თემებზე საუბარს. აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (ZOIS) მაისის კვლევაში „რუსები სამხრეთ კავკასიაში: პოლიტიკური დამოკიდებულებები და ომი უკრაინაში“, საკმაოდ საინტერესო ტენდენციებს ვაწყდებით.
მოცემული კვლევის შედეგები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ თუ ადამიანი ომში მონაწილეობას გაურბის ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ იგი ომის წინააღმდეგია.

ბარი “დედაენა” VS რუსები
საქართველოში მყოფ ანტიქართულად განწყობილ და კრემლის მოყვარულ რუსებზე საუბრისას შეუძლებელია არ გავიხსენოთ გასული წლის აგვისტოში კიბერ-თავდასხმა ბარზე "დედაენა". ბარმა "დედაენა" რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოიღო ელექტრონული ვიზა, სადაც ბარში შესვლის სურვილის მქონე რუს მოქალაქეებს ხელი უნდა მოეწერათ შემდეგ პუნქტებზე:
-
ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია
-
ვგმობ რუსულ აგრესიას უკრაინაში
-
ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები
-
აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა
-
საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ
-
საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია
-
მე მომწონს ფრაზა "Руский военный корабль, иди на хуй"
-
დიდება უკრაინას.
ამ ფაქტით უკმაყოფილო “ანტი-პუტინისტი” რუსები რამდენიმე დღის განმავლობაში ბარის სოციალურ გვერდებზე უწერდნენ შეურაცხმყოფელ კომენტარებს და ცდილობდნენ სხვადასხვა პლატფორმაზე ბარის რეიტინგის დაგდებას.





საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, თორნიკე გორდაძე, გამოყოფს რუსი მიგრანტების 2 ტალღას: ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისში და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისას. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სწორედ მეორე ტალღის დროს წამოსულ რუსეთის მოქალაქეებზე.